„ევროპა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშეა" - ევროკომისიამ თავდაცვის ინდუსტრიის ახალი სტრატეგია წარადგინა

ევროკომისიამ დღეს თავდაცვის ინდუსტრიის ახალი სტრატეგია და ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის პროგრამის შესახებ წინადადება წარადგინა. კომისიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა მარგრეტე ვესტაგერმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ახალი სტრატეგიის მიზანი წევრი სახელმწიფოების კოლექტიური თავდაცვის მოთხოვნის უფრო ეფექტიანი გამოხატვის მხარდაჭერა, თავდაცვის პროდუქტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ეროვნული და ევროკავშირის ბიუჯეტების საჭირო საშუალებებით უზრუნველყოფაა.


ამასთან, ევროკომისარმა ტიერი ბრეტონმა სტრატეგიის პრეზენტაციისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპა "ეგზისტენციალური საფრთხის წინაშეა", ხოლო საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ, ევროკავშირმა უნდა გააძლიეროს თავისი თავდაცვის შესაძლებლობები."

ახალ სტრატეგიასთან ერთად, კომისიამ ევროპის თავდაცვის მრეწველობის პროგრამაც წარადგინა. პროგრამა 2025-2027 წლებში ევროკავშირის ბიუჯეტიდან 1.5 მილიარდი ევროს მობილიზებას მოახდენს.


„ევროკომისიის სტრატეგია ტაბუს არღვევს: მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელი მანამდე დათანხმდა ევროკავშირის ბიუჯეტის გამოყენებას საბრძოლო მასალის წარმოების დასაფინანსებლად და ერთობლივი შესყიდვების წახალისების მიზნით, ახლა კომისიას სურს ამ პრინციპის გრძელვადიან პერსპექტივაში განმტკიცება,“ წერს Politico.


„თუმცა ამ კვირის თავდაცვის გეგმა არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის თავდაპირველ მიზანს, რათა თავიდან აიცილოს ომი ევროპის მიწაზე,“ ციტირებს გამოცემა ევროპარლამენტარს, ესტონეთის არმიის ყოფილ მეთაურს რიო ტერასს.

„ევროპა ომისთვის მზად უნდა იყოს და რადგან ის ეკონომიკური გაერთიანებაა, ჩვენ კონცენტრირებული უნდა ვიყოთ თავდაცვის ინდუსტრიაზე,“ - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.


„ევროპული თავდაცვის კავშირის გეგმა, ევროპის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამის, ფრანგი ჟან მონეს გონებაში დაიბადა, რაც ირონიულად მოკლეს, როდესაც ფრანგმა კანონმდებლებმა უარი თქვეს ხელშეკრულების რატიფიცირებაზე 1954 წელს. ახლა კიდევ ერთი ფრანგი, ევროკომისარი შიდა ბაზრის საკითხებში ტიერი ბრეტონი ლიდერობს ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლების თავდაცვის გეგმების წარდგენაში.


მრავალეროვნული საბრძოლო ძალების ჩამოყალიბების ნაცვლად - რასაც ცივი ომის პირველ წლებში განიხილავდნენ - ამჯერად ეს ყველაფერი ბლოკის სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის აშენებასა და ასევე, ამერიკულ იარაღზე ევროპის დამოკიდებულების შემცირებაზეა,“ წერს Politico.